"ძლიერი საქართველო" იზიარებს და მხარს უჭერს საპატრიარქოს მიერ დასმულ შეკითხვებს ქურმუხის ტაძრის სამუშაოებთან დაკავშირებით
"ძლიერი საქართველო - ლელო" იზიარებს და მხარს უჭერს საპატრიარქოს მიერ დასმულ შეკითხვებს ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ტაძრის სამუშაოებთან დაკავშირებით - ამის შესახებ დღეს გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა.
როგორც კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, აფასებენ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და აზერბაიჯანელ ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თუმცა მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული პრეტენზია კიდევ ერთხელ გვახსენებს ხელისუფლებების მიერ ეროვნული ინტერესების მკაფიოდ დაცვის მნიშვნელობას, რასაც მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება წლებია არ და ვერ აკეთებს.
"მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ დასმული მნიშვნელოვანი კითხვების მიმართ და ვიქონიო იმედი, რომ აზერბაიჯანი ადეკვატურ პასუხს გაგვცემს ყველა ამ კითხვაზე" - განაცხადა გეგელიამ.
სახეზეა კიდევ ერთი მაგალითი, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს ვერცერთი მიმართულებით.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ დასმული ლეგიტიმური კითხვების პასუხად, სამწუხაროდ, ოფიციალურმა ბაქომ გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არსებულ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების სულისკვეთებას.
"ძლიერი საქართველო - ლელო" იზიარებს და მხარს უჭერს საპატრიარქოს მიერ დასმულ შეკითხვებს ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ტაძრის სამუშაოებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ეს კითხვები ეფუძნებოდა როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ასევე ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობის გააზრებას.
სამწუხაროდ, თანაბარ პატივისცემას და გააზრებას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც კი, თუ რატომ მოიხსენიებს საპატრიარქო ამ ტაძარს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიად, რაც მას სულ მცირე 1310 წლიდან ჰქვია.
ვაფასებთ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და აზერბაიჯანელ ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თუმცა მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი. მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს.
ნორმალურ შემთხვევაში მსგავსი კითხვები არ შეიძლება ხდებოდეს მეზობლებს შორის ამგვარი საუბრის საფუძველი და თუ დღეს ეს ვინმესთვის დასაშვები ან მისაღები გახდა, ეს არის "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების დასუსტების, ჩვენი სუვერენიტეტის დაქვეითების და თანასწორი მოთამაშის პოზიციიდან ქვეყნის ვასალურ პოზიციაში გადაყვანის პირდაპირი შედეგი.
შედეგად, ამ რეჟიმის მიერ შექმნილ რეალობაში სულ უფრო გახშირდა დამამცირებელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ და სავსებით არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ იცავს საკუთარ სუვერენულ პოზიციას ვერცერთი მიმართულებით.
რასაკვირველია, გელათის დამანგრეველი და საყდრისის ამფეთქებელი რეჟიმისგან ვერ გვექნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ვერავითარი მოლოდინი. საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ ხელისუფლებას, რომელიც წლების განმავლობაში ბოროტად მანიპულირებდა დავით გარეჯის საკითხით, დღემდე არ უთქვამს საზოგადოებისთვის, თუ რას მიაღწია ამ მიმართულებით, გარდა პროპგანდისტული ბაქიბუქისა.
თუმცა, ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული პრეტენზია კიდევ ერთხელ გვახსენებს ხელისუფლებების მიერ ეროვნული ინტერესების მკაფიოდ დაცვის მნიშვნელობას, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება წლებია არ და ვერ აკეთებს.
"ძლიერი საქართველო - ლელო" მიესალმება სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას, თუმცა არა საკუთარი ეროვნული ღირსებისა და პოზიციების დათმობის ხარჯზე!
მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ დასმული მნიშვნელოვანი კითხვების მიმართ და ვიქონიო იმედი, რომ აზერბაიჯანი ადეკვატურ პასუხს გაგვცემს ყველა ამ კითხვაზე".- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
შეგახსნებეთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შემაშფოთებელია, რადგან მათი მიზანი და საფუძველი გაურკვეველია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და კითხვები აქვს — რა სამუშაოები ტარდება, რა კვლევებს ეფუძნება ისინი, ვინ ახორციელებს და როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს გუშინ განცხადებითვე უპასუხა, სადაც იწმუნება, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, მათი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.