ექსკლუზივი: ღარიბაშვილის ოჯახი მილიონიან ბიზნესს თმობს

26.09.26 21:04
ექსკლუზივი: ღარიბაშვილის ოჯახი მილიონიან ბიზნესს თმობს

"მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება -  TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ ღვინის ბიზნესში წილი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ დათმო. არადა საჯარო განცხადებებში, წლების განმავლობაში, ლექსო თამაზაშივლი ამ ბიზნესს საკუთარი შემოსავლის წყაროდ ასახლებდა.

  • ირკვევა, რომ პატიმარი ექსპრემიერის ოჯახის წევრმა, შემოსავლიანი ბიზნესის 22,5% აქტივები დათმო და კრების ოქმს თუ დავუჯერებთ, ამაში 3 მილიონი ლარი გადაუხადეს.

1 მილიონ 250 ათასი კვადრატული მეტრი ვენახი, მასზე გაშენებული ქისი, საფერავი და კახური მწვანე, ლექსო თამაზაშვილმა მაინცდამაინც ახლა, ერთ დროს გავლენიანი სიძის პატიმრობისას და ციხიდან გაჩაღებული წერილების ომის დროს გადაწყვიტა. რეესტრის ფაილების თანახმად, ექსპრემიერის ცოლისძმამ, საკუთარი წილი რობერტ ხახალევს მოჰყიდა. ეს არის რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც 2017 წელს, ლექსო თამაზაშვილმა ეს კომპანია დააფუძნა.

დათმო თუ დაათმობინეს წილი?

  • "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ  ლექსო თამაზაშვილის ღვინის ბიზნესიდან გასვლის შემდეგ, ზუსტად 9 დღეში, ღარიბაშვილის ცოლისძმის ყოფილ კომპანიას, 600 ათას ლარიან კონტრაქტს უფორმებს სახელმწიფო. 

რაც შეეხება დედოფლისწყაროში არსებულ სურათს, ადგილზე ჩასულ "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ უშიშროების სამსახური, ღარიბაშვილის მხარდამჭერებს, ექსპრემიერის მშობლიურ მხარეში კარდაკარ ეძებს.

მათივე თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაურის დაკავების შემდეგ, ღარიბაშვილის სანდო ადამიანებზე, ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. დედოფლისწყაროელები "შაბათის ეთერს" იმასაც უყვებიან, რომ ხალხი, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ ღარიბაშვილის მამასთან ახლო კავშირში იყო ან მისი ქონება ჰქონდა ფიქტიურად გადაფორმებული, დაკითხვებზე დაჰყავთ. "ქართული ოცნების" საგამოძიებო უწყებები არკვევენ, ფულის კეთების გზებსა და ფარულ გარიგებებს.

დედოფლისწყაროში აღნიშნავენ იმასაც, რომ გამოკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" დავით გონაშვილი, რომელიც 29 აპრილს გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ამ უკანასკნელს დედოფლისწყაროში დიდი ოდენობით ქონება ჰქონდა გადაფორმებული. 

ამის გარდა, ირკვევა, რომ ქარხანა, რომლის არალეგალიზებული შემოსავლების გამოც, ოფიციალური მიზეზით, ახლა ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ზის, შარშან შემოდგომაზე  უფუნქციოდ იყო. ღარიბაშვილების მარანში ყურძნის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაში დაგვხვდა, თუმცა კარგად ინფორმირებული წყარო გვატყობინებს, რომ საწარმო იჯარით, გურჯაანელ მევენახეს აქვს აღებული. შესაბამისად, მოსავალს სწორედ ის იბარებს და არა ტარიელ ღარიბაშვილი.

ტარიელ ღარიბაშვილისა და მის მოურავად წოდებული "კაკაშას" ფუნქციები დედოფლისწყაროელების თქმით, "ქართული ოცნების" სხვა გავლენიანმა ფრთამ გადაიბარა. გვიყვებიან რომ აქ ხშირად ხედავენ სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრის მამას. 

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები