სპირტის მაფია - საიდან იჭრება მილიონები და ვისთან მიდის დიდი ფული
გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, ყურძნით დატვირთული სატვირთოების დიდი რიგი დგას. კახელ მევენახეთა ნაწილს ყურძნის ჩასაბარებლად ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის სპირტის ქარხანაში, ნაწილს კი ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის საწარმოში უშვებენ. მოსავალი, რომლის მოსაყვანადაც გლეხები შრომასთან ერთად დიდ ფულსაც დებენ, ქარხნებს მინიმალურ ფასად უნდა ჩააბარონ.
- მწვავე პროტესტისა და დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი მხოლოდ 20 თეთრით გაზარდა. 30 თეთრის ნაცვლად კილოგრამ ყურძენში ხალხს ახლა 50-ს გადაუხდიან.
ბიუჯეტიდან მთავრობა რთველის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად 200-დან 300 მილიონ ლარამდე ხარჯავს და ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებულ კომპანიებს უხდის, მევენახეებისგან მიღებული ჭარბი ყურძნის გადასამუშავებლად.
ცნობილია, რომ გლეხებისგან მიღებული ყურძნით "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენების ქარხნებში სპირტს ამზადებენ.
სად მიდის სპირტი და ვინ ნახულობს მილიონების მოგებას?!
2026 წლის რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო - ეს პირველ ეტაპზე. ხელშეკრულებები რომ გლეხებისგან ყურძენი ჩაიბარონ, გამარტივებული წესით ათამდე ღვინის ქარხანასთან გაფორმდა:
- ყველაზე დიდი დაკვეთა და დიდი ფული "ქართული ოცნების" მთავრობამ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებს მისცა. კარიჭაშვილის კუთვნილ "უნივერსალ სპირტში" 2 მილიონ 400 ათასი ლარი, "გრუზვინპრომში" - 420 ათასი, ბოლერო ენდ კომპანიში კი 200 ათასი გადაირიცხა.
- მილიონ 200 ათასი მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილ - "კოტეხი გურჯაანის" ქარხანას. 875 ათასი ზურა ჩხაიძის კომპანია ასკანელი ძმების ანგარიშზე ჩარიცხეს.
რა სქემა მუშაობს დღეს ქვეყანაში?
მთავრობა მევენახეებისგან ყიდულობს ყურძენს, ფულს უხდის კერძო ქარხნებს მოსავლის მიღებაში, შემდეგ გადამუშავებაში და სპირტის დამზადებაში. სპირტი სახელმწიფო საკუთრებაა, ოღონდ შემდეგ ამ სპირტს თვითღირებულებაზე ბევრად უფრო იაფად ისევ ამ კომპანიებზე ყიდის.
კომპანიებს მთავრობისგან იაფად ნაყიდი სპირტი გასაყიდად რუსეთში, სომხეთში უკრაინაში ბელორუსში და ბალტიის ქვეყნებში გააქვთ. საუბარია მილიონებით ლიტრზე. სახელმწიფო ზარალზე მუშაობს, სპირტის ბიზნესის მფლობელები კი დიდი შემოსავალს იღებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო ხალხის ფულით, სპირტის მაფიას ეხმარება.
- მხოლოდ წელს მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანიამ, სახელმწიფო რეზერვებიდან 10 მილიონი ლიტრი საბრენდე სპირტი გაყიდა. ერთი ლიტრი 5 ლარად და 88 თეთრად. გაყიდვამდე ფასი შვიდჯერ შეამცირეს. ვის მისცეს სპირტი რომელის წარმოებაშიც სახელმწფოს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდა - ინფორმაციას მალავენ.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონებით დაწურული ყურძნისა და გამოხდილი საბრენდე სპირტის განკარგვა მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანიას აბარია. გასაყიდად ძვირადღირებული პროდუქტი აუქციონზე სწორედ ამ უწყებას გამოაქვს. არც ღვინის სააგენტო და არც მოსავლის მართვის კომპანია "შაბათის ეთერს" მონაცემებს არ აწვდის, ვის მიყიდეს შვიდჯერ ფასის შემცირების შემდეგ სპირტი ეროვნული მარაგებიდან.
საქართველოს მთავრობას მილიონობით ლიტრი საკონიაკე სპირტის რეზერვი აქვს. ლიტრის ღირებულება მათივე დადგენილი ფასით 8 ლარია. თუმცა მთავრობა სპირტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდის. ფასის დაწევის მიზეზად ხელისუფლება მყიდველის არარსებობას ასახელებს. არადა ძვირადღირებული პროდუქტის მსურველი მაშინვე ჩნდება, როგორც კი ფასი მინიმუმამდე დადის.
რატომ ყიდის ბიუჯეტის ფულით ნახად საბრენდე სპირტს მთავრობა თვითღირებულებაზე იაფად?
- სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება სპირტის ფასს მიზანმიმართულად აუქციონის დახმარებით ხელოვნურად აგდებს:
რა ხდება:
- 2026 წლის 23 თებერვალს მოსავლის მართვის კომპანიამ აუქციონზე გასაყიდად 10 მილიონი ლიტრი სპირტი გამოიტანა, 20 ლოტად - ერთი ლიტრი 8 ლარად. თუმცა ოცივე აუქციონი ჩავარდა.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფასი 80 თეთრით და 9 მარტს განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა, თუმცა ოცივე აუქციონი ისევ ჩავარდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ფასი კიდევ ერთხელ დააკლო ლიტრზე 6 ლარი და 48 თეთრამდე - 23 მარტს მესამედ გამოცხადებული ოცივე აუქციონი კიდევ ერთხელ ჩავარდა.
- ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტის მსურველი ბაზარზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა , რაც ფასი თვითღირებულებას არ ჩამოსცდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ელექტრონული აუქციონის ჩავარდნის სქემა ბიზნესთან წინასწარ შეთანხმებულია.
- 2026 წლის 28 აპრილს "აკურამ" გასაყიდად 1 მილიონი ლიტრი ყურძნის სპირტი გამოტანა, საწყისი ღირებულება 5 მილიონ 830 ათას ლარი. ვაჭრობის ერთი ბიჯი 50 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. და სპიერტიც 5 მილიონ 880 ათას ლარად გაიყიდა.
რატომ ყიდის სახელმწიფო კომპანია ყურძნის სპირტს თვითღირებულებაზე იაფად?
- ადამიანები, რომლებმაც წლების სისტემაში იმუშავეს ამბობენ, რომ ბიზნესი ხელისუფლებასთან გასაყიდ ფასზე წინასწარ შეთანხმებულია. იციან ვის რამდენი სპირტი სჭირდება და რა ფასად.
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მონაცემებით, წლევანდელი წლის მსგავსად, 2025 წელს ჩატარებული რთველის დროსაც მთავარი მოთამაშეები ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის, ვახტანგ კარიჭაშვილისა და ჩხაიძის კუთვნილი სპირტისა და ღვინის მწარმოებელი ქარხნები იყვნენ. პროდუქტის გაყიდვის მთავარი ბაზარი მათთვის რუსეთია. შემოსავლის უმეტესობაც ამ კომპანიებისთვის რუსეთში გაყიდული ალკოჰოლური სასმელებიდან მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, უცხოურ ბაზარზე 8 მილიონ 771 ათას 877 ლიტრი ქართული საბრენდე სპირტი გაიყიდა. აქედან ნახევარზე მეტრი 4 მილიონ 934 ათას 560 ლიტრი რუსეთში გაიტანეს.
ალკოჰოლის ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, რომელსაც მარაგში საექსპორტოდ ამ მასშტაბის საბრენდე სპირტი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებიც. აქ გვიდასტურებენ, რომ საბრენდე სპირტი ექსპორტზე გააქვთ, თუმცა კითხვაზე, იყიდეს თუ არა სპირტი იაფად სახელმწიფოსგან რომელიც შემდეგ რუსეთში გადაყიდეს არ პასუხობენ.