„პირდაპირი მნიშვნელობით ტერორი მოუწყვეს მას და მის ოჯახს“ - ნანკა კალატოზიშვილმა სცენიდან Kordz-ს სოლიდარობა გამოუცხადა
მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა სცენიდან მუსიკოს Kordz-ს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, მუსიკოსსა და მის ოჯახს „პირდაპირი მნიშვნელობით ტერორი მოუწყვეს“ და საზოგადოებამ ამას ხმამაღალი მხარდაჭერით უნდა უპასუხოს.
კალატოზიშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობაა ის, რის გამოც ხელისუფლება ადამიანებს სჯის.
არსებობს მხოლოდ ერთი რამ: ეს არის სოლიდარობა, რომლის გამოც ყველანი ვისჯებით და რომელსაც არ გვპატიობენ. დღეს ყველა მონაწილეს და მჯერა, თქვენც, გვინდა, რომ ეს სოლიდარობა გამოვხატოთ ერთ ძალიან კარგი ადამიანისთვის და ძალიან ნიჭიერი მუსიკოსისთვის, რომელსაც, ვერ ავხსნი, რაში ატარებენ. პირდაპირი მნიშვნელობით მოუწყვეს ტერორი მას და მის ოჯახს და მინდა, რომ აი, ამ ტერორზე პასუხი გავცეთ ძალიან ხმამაღლა და კორძს ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს!, - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: "სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს". მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: "წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა."