აღმაშენებელს ,,გალობანი სინანულისანი" არ წარმოუთქვამს სელჩუკების ტყვეობაში - მიხეილ სააკაშვილის ემოციური მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ემოციური მიმართვა განსასჯელის სკამიდან - მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოდან უპასუხა კრიტიკას, რატომ არ გამოხატა მეტი სინანული მის მმართველობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე.
"მე ვარ პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ" - მიმართა სააკაშვილმა კრიტიკოსებს.
მივიღე კრიტიკა ჩემი წინა გამოსვლის, რომ 2003 წელში ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო. ქვეყანა, სამწუხაროდ, დააბრუნეს 2003 წელში. ასევე ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. უბრალოდ, სინანულისკენ კი არ მომიწოდებდნენ, არამედ, როგორც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც სტალინი აწყობდა, ყველას აღიარებინებდნენ ბრალს და ყველას ხვრეტდნენ თავისივე საჯაროდ აღიარებული ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო"- თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკითხზე საუბრისას საქართველოს დავით აღმაშენებელი ახსენა და თქვა, რომ მეფეს "გალობანი სინანულისანი" არ წარმოუთქვამს სელჩუკების ტყვეობაში".
ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დავდე. დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი" ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და თვითრეფლექსია იმაზე, რა უნდა იყოს სხვანირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია. მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს ,,გალობანი სინანულისანი" არ წარმოუთვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და მათი სასამართლოს წინაშე.
მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო. მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რომ ამ მდგომარეობაში ვარ"- თქვა სააკაშვილმა.