საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

30.09.26 16:49
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

2026 წლის 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან"- წერია განცხადებაში. 

ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.

ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.

ფაქტს საპატრიარქოს წარმომადგენლების რეაქცია მოჰყვა - დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ ისტორიის გადაწერის მცდელობად შეაფასა ირანის ელჩის  განცხადება.