ზურაბიშვილი: ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან, სანამ საჭირო იქნება
"ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება" - ამის შესახებ პარიზში ვიზიტით მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საფრანგეთის სენატში გამოსვლისას განაცახადა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას განმარტა, რომ სწორედ ქუჩის პროტესტია ახალგაზრდებისთვის ტრადიციული გზა ბრძოლისა და იმის გამოხატვისა, თუ როგორ არ ეთანხმებიან იმას, რაც მათი ქვეყნის თავს ხდება.
ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება. ახალგაზრდობის ძალა სწორედ ეს არის - იციან, რომ მომავალი მათია, ამიტომ უნდა იბრძოლონ მომავლისთვის და სწორედ ამიტომ არიან ასე მედგრად. ისინი უკვე 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება - სრულიად მშვიდობიანად. ეს არის მათი ტრადიციული გზა ბრძოლისა და იმის გამოხატვისა, თუ როგორ არ ეთანხმებიან იმას, რაც მათი ქვეყნის თავს ხდება".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ასევე შეხვდა დიპლომატებსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატების საჭიროებაზე.
უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით.
მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.