ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრი” სერგეი ლავროვს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ლავროვმა განაცხადა, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს.
“თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ საინვესტიციო სფეროში. როგორც პირველმა აფხაზურმა საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, განვავითარებთ ამ მიმართულებას. სასიხარულოა, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა - ეს ძალიან კარგი მაჩვენებლებია”, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი პოპულარულ მიმართულებად რჩება რუსი ტურისტებისთვის.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის”, ოლეგ ბარციცის თქმით კი, რუსეთთან ურთიერთობები “აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება”.