მთავრობის ადმინისტრაციამ კობახიძე-ტრამპის შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა

01.10.26 22:33
მთავრობის ადმინისტრაციამ კობახიძე-ტრამპის შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა

ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ დღეს 1 ოქტომბერს გაავრცელა ირაკლი კობახიძის და დონალდ ტრამპის ფოტო.  ეს ფოტო 9 დღის წინ, 22 სექტემბერს, ნიუ იორკშია გადაღებული, სადაც კობახიძე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

ამ მიღებას ტრადიციულად ამერიკის პრეზიდენტები ყოველ წელს მართავენ, იმ ლიდერებისთვის ვინც გაეროში, გენერალური ასამბელის სესიაზე ჩადის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს,  ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გაეროში გამართულ მიღებაზე ტრამპს შეხვდა და "ხანმოკლე გასაუბრება" ჰქონდა.

ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.
ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები