რატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს - "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს

02.10.26 11:36
რატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს -  "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს

"ქართულ ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რატომ გაუხსნეს ციხის კარი კაცს, რომელსაც სუს-ში ქრთამის აღებას ედავებიან. ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის ლიდერები დილიდან კონფერენციაზე "ევროპული ცივილიზაციის საფუძველი და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" გამოჩდნენ, თუმცა გრიგოლ ლილუშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე საუბარი არავინ ისურვა. 

არცერთი სიტყვა არ უთქვამს ირაკლი კობახიძეს, არც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, რომლის უწყებაც ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებას დაეთანხმა, არადა არსებობს ვარაუდი, რომ ბრალდებულის ჩვენება შესაძლოა, რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში აღმოჩნდეს. 

  • "ევროპული ცივილიზაციის საფუძველი და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" - ამ სახელწოდების კონფერენციაზე თბილისში "ოცნების" ლიდერები და რიგითი წევრები იმყოფებიან, ასევე ძალოვანი უწყებების და საპატრიაქროს წარმომადგენლები.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

ახობაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პროკურატურა კი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.