ბათუმის საკრებულოს სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში -აუდიტორიები სამართალდამცველებს აქვთ ათვისებული

03.12.21 13:08
ბათუმის საკრებულოს სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში -აუდიტორიები  სამართალდამცველებს აქვთ ათვისებული

ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, სადაც ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა იმართება, პოლიციელების ალყაშია. უდიტორიებში სამართალდამცველები არიან განთავსებულები.

"პირველების" ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას აკეთებენ ისინი აუდიტორიაში, პოლიციის თანამშრომლები პასუხობენ, რომ "ტრენინგს" ესწრებიან. 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკრებულოს თვამჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, რადგან ამისთვის საკმარისი ხმები არ არსებობს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზოცია საგანგებო განცხადებას გეგმავს. სავარაუდოა, რომ განცხადება ბოიკოტს შეეხება.

ამ მოცემულობით ვერცერთი პარტია ვერ აირჩევს დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს. ჩვენ მოვედით, რათა უფლებამოსილება შევუწყვიტოთ ძველ საკრებულოს, რომ აღარ მიეცეთ ის საშუალება, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტიც ამათმა დაამტკიცონ. ხოლო რას ვაპირებთ, მოგვეცემა პროცედურის მიხედვით განცხადების უფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს განცხადებას, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. 

საკრებულოს სხდომაზე გიორგი გახარიას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძეც, გამოჩნდა, რომელმაც პარტია სხდომამდე ერთი დღით ადრე დატოვა. მისი თქმით, ის ემიჯნება როგორც პარტია "საქართველოსთვის," ასევე "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაუჭერს თუ არა მხარს "ქართულ ოცნებას".

მე ხომ „ქართულ ოცნებაში“ არ გადავსულვარ. რა შუაშია? პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ გვექნება უმრავლესობა და მე არ გადავსულვარ. რიგ საკითხებში ოპოზიციას რომ წარმოდგენილი ექნება ქალაქის საკითხები, რა თქმა უნდა, იმ საკითხებში დავუჭერ მხარს. იგივე ჩემს პარტიას, იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“. მეც ვფიქრობ, რომ ვიღაცეები მოისყიდეს, მაგრამ ამას არ ვამბობ საჯაროდ, - განაცხადა თავდგირიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები