ვშიშობ, კრამიტის სახურავი მოსახსნელი იქნება - წულუკიანი გელათის რეაბილიტაციაზე
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესი თავის დროზე არასწორად წარიმართა, რის გამოც, დიდი ალბათობით ტაძარზე მოწყობილი კრამიტის სახურავი მოსახსნელი იქნება.
ვშიშობ,თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება დასკვნა, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. თუ მოსახსნელი იქნა და 90%-ით ეს ასე იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. იტალიელ ექსპერტებსაც არ აქვთ დღეს პასუხი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების ძეგლზე მუშაობა.
ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი“, – თქვა თეა წულუკიანმა.