ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

04.12.21 11:40
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

თბილისში მოკლული, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები შესაძლოა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა 15 დეკემბერს ეწურებათ.

დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. საქმეში მხოლოდ ერთ-ერთი დაკავებულის ბექა ლატარიას წინააღმდეგ ჩვენება დევს, რომელიც ბრალდებულმა პირველივე სასამართლო სხდომაზე უარყო. 

ბექა ლატარიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის შეცვლას და მის გათავისუფლებას ითხოვს. 

მოგეხსენებათ,წინასწარი პატიმრობის ორთვიანი ვადა იწურება და გამოძიებას სურს, რომ გამოძიების ვადები გაახანგრძლივოს, რითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი პატიმრობის ვადა გახანგრძლივდება. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება - ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას ედავებიან და ის საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს - არ არის ამოღებული. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ სასამართლოსგან შეეცვალოს ამ ადამიანს ორთვიანი პატიმრობა და გათავისუფლდეს დარბაზიდან. 

ბექა ლატარია ამ საქმეში გამოიყენეს, შეაწმინდეს მას ხელი. რადგან წარსულში ნასამართლევია, ვიღაცამ ჩათვალა, რომ საზოგადოება ადვილად დაიჯერებდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას, მაგრამ ფაქტია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ლაღიძე. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ამტკიცებს, რომ ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ლატარიამ რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველს" წერილი გაუგზავნა, სადაც ირწმუნება, რომ ციხეში მას  წყლით სავსე ბოთლებით სცემეს და აწამეს. 

ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს.

ცნობილია ისიც, რომ 27 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა.

ქალი ბერიძეს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმეზე გამოძიებაც კი იყო დაწყებული.  ყოფილი ვიცე-მერმა შატალოვას გარდაცვალების შემდეგ თქვა, რომ შვილის დედასთან ბოლო პერრიოდში კომუნიკაცია არ ჰქონია.

გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ბექა ლატარიამ ესროლა, შსს-ს ცნიობით, ლატარიამ მკვლელობის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა. გამოძიების ვერსიით, ხასიამ მკვლელობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ლატარია დაკავებისას საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა. მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მესამე დაკავებულია ლევან რაჯავი, გამოძიების ცნობით, ხასია სწორედ მასთან იმალებოდა. გომელაურის უწყების მტკიცებით, ხასიამ საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა. 

მსგავსი სიახლეები