რა საკითხები განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ - ბოჭორიშვილის კომენტარი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეუთოს დღის წესრიგში რჩება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ერთობლივ ბრიფინგზე ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეუთოს თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
“უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შვეიცარია თავის მხრივ, ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. მრავალი წელია შვეიცარია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, შვეიცარია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
იგნაციო კასისი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. მისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მანამდე აზერბაიჯანსა და თურქმენეთშიც იმყოფებოდა.