ჩორჩანას საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გახარიას თანაგუნდელმა?
გიორგი გახარიას პოლიტიკური თანამებრძოლები სასამართლოში ლიდერის სასარგებლოდ ჩვენებას აძლევენ - საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათია მიმდინარეობს ჩორჩანას საგუშაგოს საქმის განხილვა. დღეს შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარება იყო ჩორჩანაში იქამდე ვიდრე საგუშაგო მოეწყობოდა და რა შეიცვალა ამის შემდეგ.
- ქეთევან ბაკარაძე დეოკუპაციის საკითხთა კომიტეტის წევრია. ის 2019 წელს, იმ პერიოდში, როცა გახარიას კონკრეტული ქმედების განხორციელებას ედავებიან, ბაკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო. მისი თქმით, ყოველდღიური საქმიანობა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების მომსახურება.
ბაკარაძის თქმით, ტყის საფარზე ყვითელი ნიშნულები გაჩნდა, რაც მისივე ჩვენებით, რუსული ჩვეული ხერხი იყო. მისი თქმით, მათ განცდა დარჩათ, რომ ახალი ტერიტორიების ბორდერიზაცია იწყებოდა. ბაკარაძის თქმით, ეს 2018 წელს დაიწყო.
მისივე განცხადებით, საგუშაგოს ჩადგმის შესახებ აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სატელევიზიო ეთერიდან ერთად გაიგეს - "ეს იყო სიამაყის განცდა, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, არაერთი პირი ამაყობდა, შემდეგ ფერი იცვალეს".
[საგუშაგოს ჩადგმა] აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ერთად გავიგეთ, მახსოვს, სატელევიზიოო სივრცეში გავიგე, მე თვითონ ვარ ოკუპირებული ტერიტორიიდან და არამხოლოდ, როგორც თანამდებობის პირის, არამედ მოქალაქის ინტერესი მაღალი იყო. ეს იყო სიამაყის განცდა, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, სატელევიზიო სივრცეებში, სხვადასხვა შეხვედრაზე გამიჟღერებია ეს და მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც ამით ამაყობდა. არაერთი პირი იყო, ვინც ამით ამაყობდა, რომელმაც შემდეგ ფერი იცვალეს... სიამაყის განცდის გარდა, სხვა პოზიციონირება არ მახსოვს",- განაცხადა ბაკარაძემ.
მისივე თქმით, ჩორჩანაში გასულ წელს, დეკემბერს ჩავიდა. მას აინტერესებდა, გეოგრაფიულად გასცნობოდა ყველაფერს, ასევე მოქალაქეებს პირადად გასაუბრებოდა. ბაკარაძის თქმით, მასთან ერთად, შალვა კერესელიძე და გიგა ფარულავაც იყვნენ. მისივე ჩვენებით, სოფელში ბარიერის გარეშე შევიდა. პოლიტიკოსის თქმით, პირველივე შემხვედრმა მოსახლემ მათ უთხრა, რომ გახარია იყო პირველი, ვინც დაინტერესდა მათი საკითხით და მათთან ჩავიდა, დაელაპარაკა, ასფალტი დააგო და გაზიფიცირება მოახდინა.
მისი ჩვენებით, მოსახლეობის განმარტებით, 2019 წელს ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო რომ არ ჩამდგარიყო, ტერიტორია დღეს ოკუპირებული იქნებოდა.
ბაკარაძის თქმითვე, ისინი მოსახლეობას ეკითხებოდნენ, რა მოხდებოდა, თუკი საგუშაგოს აიღებდნენ, რაზეც მოწმის ჩვენებით, მოსახლეობა აცხადებდა, რომ იქაურობას დატოვებდა.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.