საქართველო უნდა გავათავისუფლოთ ძალებისგან, რომლებიც არჩევნებს უარყოფენ - პაპუაშვილი
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის წინ „ქართული ოცნება“ საკუთარი ინიციატივის გამართლებას „თავდაცვითი დემოკრატიის“ პრინციპით ცდილობს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ჯგუფების აკრძალვა ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად აუცილებელია და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი გუნდის არგუმენტებს გაიზიარებს.
თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით და არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, პროცესები წინ არის, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.