"მათი საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებამდე დაეშვა" - პაპუაშვილი EU-ს მიერ €38 მლნ-ს გამოყოფაზე
ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროექტებისთვის 38 მილიონი ევრო გამოყოს, შალვა პაპუაშვილი მწვავე განცხადებით ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოს სახელმწიფოებრიობის უგულებელყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოქალაქეებთან პირდაპირი თანამშრომლობის სურვილი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. პაპუაშვილმა ევროკავშირის მიდგომა რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასაც შეადარა და მასზე უფრო სამარცხვინო უწოდა.
მე მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ: რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ იგი აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ.
ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი არის სამარცხვინო იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობას.
სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ შუა საუკუნეების ღირებულებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულიყო - ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ" - თქვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს. 2026 წელს ახალი პროექტებისთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევრო რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და სხვა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.