ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს რეფორმების პირობებსაც კი - პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება
ევროსკოპისთვის ცნობილი ხდება რომ, გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს, ევროკომისია 4 ნოემბერს წარადგენს.
ევროსკოპმა წერილობითი შეკითხვით მიმართა ევროსტრუქტურებს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა რომ, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90% არის შესრულებული და რომ, საქართველო ასი ნაბიჯით უსწრებს წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებს.
ევროსკოპმა იკითხა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება რეალობას.
ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი).
მისივე თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.
ევროკავშირის გაფართოება სამართლიანი, თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებსა და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თითოეული ქვეყანა ფასდება საკუთარი შედეგების მიხედვით, დაწყებული ფუნდამენტური საკითხებით: კანონის უზენაესობა, ძირითადი უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები და საჯარო მმართველობის რეფორმა.უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების განხორციელების მტკიცე ნება აჩვენეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს აღწევენ. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარ პროცესში წინ მიიწევს. ორივემ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი კლასტერი(ფუნდამენტური საკითხები, საგარეო ურთიერთობები, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა).
ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა.
საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი). ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.
ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი.
ევროკომისია საკუთარ სრულ შეფასებას გაფართოების შესახებ მომდევნო პაკეტში წარადგენს, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.