კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რჩება თუ არა მდინარაძე მის მეგობრად
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა.
თუ მთავრობის მეთაურს დავეყრდნობით, "ოცნების" დამფუნებელი მდინარაძის მხოლოდ პოლიტიკიდან წასვლის საკითხით შემოიფარგლა და ამის მეტი სხვა საკითხი წინ არ წამოუწევია.
საუბარი კი იყო მამუკა მდინარაძეზე. მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან გასულია და მემგონი არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როცა ადამიანი პოლიტიკიდან წასულია. რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც იყო საუბარი.
შეეხო იმ ფაქტს, რომ ადამიანი რომელიც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, გავიდა პოლიტიკიდან და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ზოგადი კომენტარი".- აცხადებს კობახიძე.
"პირველებმა" კობახიძეს ჰკითხა, ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან და აქვს თუ არა მასთან კომუნიკაცია, რაზეც მთავრობის მეთაურმა არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად არ უპასუხა.
პერიოდულად მაქვს კომუნიკაცია მდინარაძესთან. მეგობრება, სხვა ტემები არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო (ვართ თუ არა მეგობრები) მე შეგნებულად არ გპასუხობთ, მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები შეგიძლიათ დასვათ", - აცხადებს კობახიძე.
"პირველებმა" მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვა "ოცნების" წევრის, დიტო სამხარაძის პოსტზეც, რომელშიც საზოგადოების ნაწილმა მამუკა მდინარაძე ამოიკითხა და ჰკითხა, შესაძლოა თუ არა მდინარაძის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება.
კობახიძემ თავდაპირველად პირდაპირ პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა არაერთი ჩაკითხვის შემდეგ განაცხადა - "მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ" (სამართლებრივი პროცესების დაწყებას მდინარაძის მიმართ).
ვინ რა ამოიკითხა არ ვიცი. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს, ეს შემიძლია გითხრათ.
არავითარი საფუძელი ამ შეკითხვას არ აქვს. თუ გეუბნებით რომ საფუძველი არ აქვს, ანუ ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა კობახიძემ.
დიმიტრი სამხარაძის განცხადება:
- „განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას!
- კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ. ზოგი მერე პარტიებს ქმნის, ან რაღაცეებს და მაინც მინდა ვთქვა! როგორც გახარიას მაგალითით დაწყებული, ახლაც, ზოგიერთების ჩვენი დიდი ოჯახიდან გასვლით ან გაგდებით, ყველამ მინდა იცოდეს: „ქართული ოცნების“ არც ერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას“, - აცხადებს სამხარაძე და დასძენს - „მაგრამ ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“
- დიმიტრი სამხარაძემ ამავე დღეს მოიწონა „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის კრიტიკული პოსტი, რომელიც მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს ეხებოდა.