"მობილურში შენახული მესიჯები" - წყარო გვიყვება, როგორ დააღწია მრავალწლიან ციხეს თავი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანმა
"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი უფროსი, ლევან ახობაძე 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთისგან იმ ჩანაწერმა იხსნა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთ მობილურ ტელეფონში ინახავდა.
წყაროს ცნობით, ეს მობილური მოწყობილობა მისი სახლის ჩხრეკისას გამოძიებამ ვერ ამოიღო, რადგან ის ექს-მაღალჩინოსანს, "სანდო კაცისთვის" ჰქონდა ჩაბარებული.
კომფიდენტის მტკიცებით, ახობაძის დაკავების შემდეგ, ექს-მაღალჩინოსანმა მობილური, რომელშიც მისთვის გადაცემული დიდი ფულის წარმომავლობისა და საბოლოოდ "ქართულ ოცნებაში" მიტანის მტკიცებულებებს ინახავდა, სანდო კაცის მეშვეობით, კონკრეტულ ადამიანებთან გაგზავნა.
წყარო ამტკიცებს, რომ ჩანაწერების მიხედვით, ფული, რომელიც ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მიუტანა, მან "ოცნების" შავ სალაროში წაიღო. "შაბათის ეთერს" სანდო წყარო უყვება, რომ თანხის გადაადგილების და მისი წამომავლობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ჰქონდა მამუკა მდინარაძეს.
"შაბათის ეთერი" ინფორმაციის გადამოწმებას ახობაძის ადვოკატთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეეცადა. იურისტმა თქვა, რომ ინფორმაცია მობილურში არსებულ მტკიცებულებებზე, "მოგონილია".
ეს არის მოგონილი, არანაირი შავი სალარო არ არსებობს. ჩვენ სამართლებრივ პროცესში ვიმყოფებით. დავუდასტურეთ სასამართლოს, რომ... აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს, ადამიანი გამოვაცხადოთ ბრალეულად ან უდანაშაულოთ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გირაოს სავსებით უზრუნველჰყოფდა.
რაც შეეხება ბნელ ოთახში კატის ძიებას, ეს არაფერს შუაშია - არანაირი დამატებითი მტკიცებულებები "შავი სალარო" ეს არის მოგიონილი სპეციალურად"- თქვა კუპრაშვილმა.
კითხვაზე, თქვად ხომ არ მიუტანა ირაკლი კობახიძეს ან "ოცნების" სხვა ლიდერებს მტკიცებულებები, რომ ფული ახობაძეს არ გამოუყენებია, ადვოკატი ამბობს, რომ "ეს ძალიან დიდი ტყუილია".
"შაბათის ეთერი" ასევე დაინტერესდა რა ინფორმაცია აქვს, ახობაძეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ ის ციხეში მამუკა მდინარაძის მიერ გამოგონილი ბრალით ჩასვეს, რაზეც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ "ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს".
მე იურისტი ვარ და ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ. არ შემიძლია ასე ვერსიებზე გეაუბროთ. [თუმცა არ გამორიცხავთ - ჟურნალისტი] მე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერაფერს ვერ დავადასტურებ. მას [ლევან ახობაძეს] უნდა კითხოთ [დაინახა თუ არა მის დაკავებაში მდინარაძის კვალი]. მე ვერაფერს ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ"- განმარტა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდნენ.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.