ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

17.10.26 20:00
ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.

როგორც ყეინიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“,- წერს ყეინიშვილი.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს და სანაცვლოდ მფარველობასა და ბიზნესის გაფართოებაში დახმარებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები