პარტიული შეკრება ივანიშვილის მონაწილეობით - ოპოზიცია „ქართულ ოცნებაში“ შიდა კრიზისსა და დაპირისპირებაზე საუბრობს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ოპოზიციაში მმართველ გუნდში არსებული შიდა კრიზისით ხსნიან. მათი შეფასებით, პარტიაში დაპირისპირება ღრმავდება, ივანიშვილის ჩარევის მიზანი კი არსებული უთანხმოებების დროებით განმუხტვაა.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მმართველ პარტიაში შიდა კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ ვითარების დასასტაბილურებლად ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩარევა გახდა საჭირო. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
ამ მოჩვენებითმა სიმშვიდემ "ქართული ოცნების" წიაღში უდიდესი შიდა კრიზისი გამოავლინა. ჩვენთვის, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ "ქართული ოცნება" არის დაშლის პირას მყოფი, ჯერ არ დაუჭერლების და უკვე დაჭერილების პარტია, რომლის მოსარიგებლადაც ახლა ბელადის გამოგორება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჯარები დაემშვიდებინა და პარტიისტვის ეთქვა კიდევ ერთხელ ის ტყუილი, რომ არავის არაფერი ემუქრება. მე მინდა, რომ ყველა წევრმა და ყველა რგოლმა ამ სისტემისა იცოდეს, რომ ისინი დღეს აწერენ ხელს უდიდეს და უმძიმეს დანაშაულს, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე ხელისუფლების მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე გაკეთებულ განცხადებებს ცინიზმად და საზოგადოების დაცინვად აფასებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავი არ უნდა აარიდოს და საზოგადოებას პასუხები უნდა გასცეს.
ამდენი ფული მოუპარია თურმე იმას ჯარისთვის, ამას ქვეყნისთვის, იმას სკოლებისთვცის და "ბოდიში, რა, შემეშალა", ერთხელ ეს კი არ თქვა., იმაზე ვწუხვარ ციხეში რომ არიან. აი, ეს არის ცინიზმი და ეს არის ხალხის დაცინვა. არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მთელი პარტია ბოდიშს უნდა იხდიდეს. ყოფილებზე აღარ ვილაპარაკებო, შეყვარებულია და აღარ უნდა ძველი ტრავმები გაიხსენოს და გული ეტკინოს თუ რას ნიშნავს, ყოფილებზე არ ვილაპარაკებ? რა სისულელეა? ვალდებული ხარ, ილაპარაკო, იმიტომ, რომ თავი მიგაჩნია, რომ ხარ საჯარო მოხელე, თავი მიგაჩნია, რომ ხარ პრემიერი, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი კი „ქართულ ოცნებაში“ გავლენიან ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი ვარაუდით, ივანიშვილისგან შესაძლოა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებაც მოითხოვონ, რათა პარტიის შიგნით არსებული კონფლიქტები დროებით მაინც შენელდეს.
იყო ის, რაც ვიხილეთ. სახეზეც ეწერათ, რამდენად ერთიანები და რამდენად კარგ დღეში არიან. რაც შეეხება ღარიბაშვილს და "ოცნების" სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, იქ ბევრი კლანია და შეიძლება სთხოვენ ივანიშვილს, რომ გარკვეულ უკან დახევაზე წავიდეს ზოგიერთი კლანის წევრებთან დაკავშირებით და ზოგიერთი მათგანი გამოუშვან ციხიდან, რათა ეს კონფრონტაციები მეტნაკლებად, რეჟიმის შიგნით რაც ვერ ქრება, იქნებ დროებით მაინც შენელდეს, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რო გუშინ 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.