„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ღონისძიება გამართა და 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დააანონსა

18.10.26 13:59
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ღონისძიება გამართა და 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დააანონსა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის ფონზე, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას აცხადებს. მზადების პარალელურად, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოების დარბაზი შეიქმნა, რომლის პრეზენტაციუაც გუშინ მწერალთა სახლში გაიმართა.

როგორც "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები განმარტავენ, ეს იქნება სივრცე, რომელსაც ისინი საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებენ. 

ღონისძიებას "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლალი მოროშკინაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალური კურსი ძალიან მოსწონს და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო პოზიციებთან შეერთება გააკრიტიკა. ამასთან, მან „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირებაც აღიარა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს კვლავ ქვეყნის მთავარ დასაყრდენად მიიჩნევს.

მე მომწონს ნეიტრალური კურსი. არ მომწონს ის, რომ ჩვენ, მაგალითად, ჩავედით და ხელი მოვაწერეთ რუსეთის გაკიცხვას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც მოვიყვანეთ "ოცნება", ყველა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია აქ. კრიტიკულია სიტუაცია, როდესაც გუნდის ყოფილი ამდენი წევრი ციხეშია გაშვებული, ვერავინ იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. 

პირადად ბიძინა ივანიშვილზე რასაც ვიტყვი, ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გადაიტანა, ბევრი რამე განიცადა და დღესაც ის, რა ბულინგიც არის მის ოჯახზე და მის შვილებზე, ეს არის წარმოუდგენელი. ბევრ სიკეთეს აკეთებს. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ვინ როგორ უღალატა, როგორ გადავსებულია ციხეებში, რომ რეალურად, დღეს არის ბზარი "ოცნებაში", მაგრამ ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს იმის ძალა და ღონე, რომ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, რასაც აკეთებს წლების განმავლობაში, - ამბობს ლალი მოროშკინა. 

ვატო შაქარიშვილი კი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიზანს უტოპიურს უწოდებს და რუსეთთან დიალოგის წინაპირობად ქვეყნის ნეიტრალიტეტს ასახელებს. 

მიგვაჩნია, რომ რუსეთთან საუბრისთვის ხელსაყრელ ნიადაგს აძლევს ჩვენს ქვეყანას სწორედ ნეიტრალური სტატუსი და არა ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების უტოპიური მიზანში ილუზიაში ყოფნა, რომელიც არათუ გვაახლოებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებასთან, არამედ კიდევ უფრო გვაშორებს ამ მიზანს, - ამბობს ვატო შქარაშვილი. 

"ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი კი საქართველოს ევროკავშირსა და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების პერსპექტივას უარყოფს და ამ საკითხში „ქართული ოცნების“ პოლიტიკასაც ემიჯნება. ამასთან, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას ამართლებს და არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალა მთავარი ოპოზიციის ადგილის დაკავებას შეეცადოს. 

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების. ჩვენ ვიძახით, რომ ევროკავშირი არის ილუზია, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არავინ გაგვაერთიანებს ევროკავშირში და ეს არ იქნება ის მექანიზმი, რომელიც საქართველოს რაიმე კარგს მოუტანს. 

რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ჩვენ უნდა ავიღოთ ძალიან მარტივი სურათი, რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება მათთან ურთიერთობის დალაგება. მმართელ გუნდს აქვს თავისი პოლიტიკა სხვადსხვა საკითხთან მიმაღთებაში და მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში. ის პოლიტიკა, რასაც ისინი სწარმოებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის" მიუღებელია.

სამართლიანად, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავს უწოდებს პარტიას და სჩადის კრიმინალს, თუ ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ, თუ ადამიანები წვავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან ფორმიან ადამიანებს, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია. თუ პლიუს ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოეთიდან და ამაში აგენტურა ღებულობს მონაწილეობას, რატომ არ უნდა გაუქმდეს? 

თუ ჩვენ არჩევნებში მივიღებთ იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ვიყოთ ლიდერი ოპოზიციური პარტია, რატომაც არა?, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.  

მსგავსი სიახლეები