წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვება
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, შესაბამისი შუამდგომლობა მთავრობის ყოფილი მეთაურის ადვოკატებმა დააყენეს.
მოსამართლის თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.
იურისტის თქმით, ბრალდების მხარეს როგორც განცხადების ავტორი, ისე დასახელებული პირი უნდა გამოეკითხა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა.
19 აგვისტოს ადვოკატმა, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, თქვა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ „შემსრულებელი“ იყო.
მდინარაძემ მაშინ შუამავლობა უარყო და თქვა, რომ ღარიბაშვილი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა“.
რაც შეეხება საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.
სხდომას არ ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი.
ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.