კიდევ ერთი საქმე წააგო "ოცნებამ" ევროსასამართლოში

20.10.26 12:49
კიდევ ერთი საქმე წააგო "ოცნებამ" ევროსასამართლოში

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სტრასბურგში დავა წააგო - საუბარია 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეს, რომელზეც დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

  • სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) პროცესუალური ნაწილის დარღვევა, და დაწერა, რომ სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოძიება არაეფექტურად და გაჭიანურებულად ჩატარდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ გელა ჭიღლაძეს კომპენსაციის სახით, 1,800 ევრო უნდა გადაუხადოს. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს,  "ოცნებას" აქ 2,000 ევროს გადახდა მოუწევს. 

ცნობილია, რომ გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება კაცს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. [ჭიღლაძე მაშინ 1,000 ლარით დააჯარიმეს]. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სისხლჩაქცევები და ნაკაწრები და ეს დაკავების ოქმსა და სამედიცინო ცნობებში იყო აღწერილი. 

ჭიღლაძე თავდაპირველად ამბობდა, რომ პოლიციელებმა ის ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი გაიტაცეს.  

  • სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მომჩივანს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, ხელისუფლება ვალდებული იყო თავისივე ინიციატივით დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება. თუმცა, გამოძიება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო. დროში გაჭიანურების გამო, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ინციდენტის ადგილას არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება (წაიშალა ან ტექნიკური პრობლემების გამო დაიკარგა), ხოლო საქმის მთავარი მოწმეები მომხდარიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დაიკითხნენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა (უშუალოდ წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურება).

  • "შიდა გამოძიების ხარვეზებისა და თავად მომჩივანის მიერ მიცემულ ჩვენებებში არსებული შეუსაბამობების გამო, შეუძლებელი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა იმის მტკიცება, რომ ჭიღლაძეს პოლიცია მის მიერ აღწერილი სცენარით გაუსწორდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევის შესახებ"- მიიჩნევენ სტრასბურგში.

მსგავსი სიახლეები