"უშეცდომო არავინ არ არის" - კობახიძე მდინარაძეზე
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეს გუნდისა და ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. კობახიძის თქმით, მდინარაძეს „ქართული ოცნებისთვის“ ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
„მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და მათ საფუძველზე შესაძლო გამოძიების დაწყებას, კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა.
„ამას შესაბამისი უწყებები იძიებენ და შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. უფლებაც არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ საკითხებზე ექსკლუზიურად გადაწყვეტილებას იღებენ საგამოძიებო ორგანოები“, - განაცხადა კობახიძემ.