ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს

20.10.26 20:28
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს. როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ჯერ კიდევ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჰქონდა მცდელობა, მოეპოვებინათ ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, 2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა, თუმცა, სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა, პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა და ის იმედოვნებს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.

აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.

მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).

ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები.

სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.

აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი,- წერს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები