გადაწყვეტილება იმაზე განსხვავებული არ იქნება, რასაც კობახიძე გვპირდება - ხიდაშელი პარტიების აკრძალვაზე
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს არ აქვს მოლოდინი, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება იმაზე განსხვავებული იქნება, რასაც ირაკლი კობახიძე აანონსებს.
როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, არ არსებობს ხაზი, რომელიც მიანიშნებს, რომ სხვა რამე მოხდება.
ვფიქრობ, გადაწყვეტილება იმაზე განსხვავებული არ იქნება, რასაც კობახიძე გვპირდება, არ მაქვს მოლოდინი. ვერ ვხედავ რამე ხაზს, რომელსაც ჩავეჭიდები და ვიტყვი, რომ აი, ამ მოვლენების განვითარების ეს ჯაჭვი გვანიშნებს, რომ რამე სხვა მოხდება. ეს ფორსირება დროში, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს საქმე გუშინ ხომ არ შევიდა სასამართლოში. ის იდო თაროზე, სრულიად ნათელია, რომ რაღაცას ელოდებოდნენ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო, ვთქვათ, გამოყენებულიყო ამერიკელებთან სავაჭროდ, ბრიუსელთან ამით ვაჭრობდნენ, ადგილობრივი არჩევნების წინ, მაგრამ ბოლოს, როცა ჩვენ ყველას გაგვიჩნდა განცდა, რომ შემდეგი ნაბიჯია, ამ სარჩელს გააცოცხლებენ, მაგრამ არ ხდებოდა, მაშინ გაჩნდა აზრი, რადგან აქამდე გაიწელა პროცესი, ახლა დაელოდებიან გიორგი კვერენჩხილაძისთვის ვადის გასვლას, შემდეგ კი ყველაფერი ისე წავა, როგორც უნდათ და ისე აგიხდეთ, ყველაფერი კარგი, გაუვიდა გიორგი ვადა და მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სასამართლო უბრუნდება ამ საქმეს. თუმცა, მათთვის მოულოდნელად სხვა მოსამართლე აღმოჩნდა, რომელსაც აღმოაჩნდა გამბედაობა და მხენობა, საჯაროდ ეთქვა, სხვადასხვა მიზეზებით, ამ საქმის განხილვაზე უარი, საუბარი მაქვს მანანა კობახიძეზე, ბოლოს ის იძულებული გახდა, რომ სასამართლოდან წამოსულიყო, ანუ ივანიშვილმა მიაღწია საბოლოო ჯამში იმ ამოცანას, რომ გადაწყვეტილება იქნება ერთხმად მიღებული და არ გაჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ბლანკზე განსხვავებული დასაბუთებული აზრი, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდეს, - განაცხადა ხიდაშელმა.