(პარტიების აკრძალვა) კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის - ლევან ცუცქირიძე
"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმყოფება და "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას აპროტესტებს.
ცუცქირიძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს პროცესი პირადად მას ეხება თუ არა ამ ეტაპზე - "მას მაინც უნდა დავუპირისპირდეთ".
მისივე შეფასებით, "ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვა კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის.
ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ეს უსამართლობა გვეხება თუ არა ახლა, ამ მომენტში, მას მაინც უნდა დავუპირისპირდეთ. რასაც "ოცნება" აკეთებს, ეს არის დემოკრატიის, კონსტიტუციის დამხობა, მილიონზე მეტი მოქალაქისთვის იმის თქმა, რომ შენ აღარ გეყოლება პოლიტიკური ხმა პოლიტიკაში, ჩვენ აღარ გვექნება პრობლემების პოლიტიკური გადაჭრა, ეს არის პირდაპირ იმის თქმა მოქალაქეებისთვის, რომ თქვენ აღარ იქნებით მოქალაქეები, იმიტომ, რომ მოქალაქეები პო.ლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე არ არსებობენ. აი ამიტომ ვართ აქ. ეს არის კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ". - აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.
ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.