"ფედერალისტები" ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვაპირებთ - ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე წარმოდგენილი არ იქნება. პარტიის წევრები საკონსტიტუციოს შენობასთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა "პირველებთან" განაცხადა, ის და მისი პარტია "სპექტაკლში მონაწილეობას" არ აპირებს.
ფედერალისტები არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია. უფრო მეტი, არც მოსამართლებს არ მოვუწოდებ, რომ გონს მოეგონ, რადგან ამას დასთანხმდნენ, მინდა, რომ ბოლომდე შეყვნენ იმისთვის, რომ ფასი გადაიხადონ და საკუთარმა შვილებმა დაწყევლონ. რეალურად, ბიძინა ივანიშვილი აპრტიებს კი არ კრძალავს, ქართულ ხალხს უკრძაალავს უკეთესი მომავლის იმედს", - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამ წუთებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.
ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.