კობახიძემ ალან ბერსეს განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ჩარევად" შეაფასა
ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით " მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევად" შეაფასა.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, "როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა".
ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას, დანარჩენი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი.
[ჩარევად აღიქვით მისი განცხადება?] რა თქმა უნდა! როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა.
სამართლებრივი პროცესია და ასეთ დროს მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს. როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე, ყველამ თავი უნდა შეიკავოს წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, ყველას შეუძლია წაიკითხოს შინაარსი როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და შემდგომ გააკეთონ კომენტარები. მაგრამ კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე და არა ზოგადი განცხადებები ამ საკითხის შესახებ.
როდესაც სასამართლოში სამართლებრივი საკითხი განიხილება, პატივი უნდა სცენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. უნდა წაიკითხონ შინაარსი, ჯერ სარჩელის შინაარსი, სარჩელზე ხომ არავინ საუბრობს, არც წაუკითხავთ და სარჩელზე კი არ საუბრობენ, არამედ ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებონ, წაიკითხონ სარჩელი და თუ რაიმე ხელოვნურს ხედავენ, ამაზე გააკეთონ კომენტარი, შემდგომ კი წაიკითხონ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე.
თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია.
არსებობს უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. მთავარია, უფლება არ შეილახოს. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს შეზღუდვა შესაძლოა, იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია დაცულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე მმართველ უმრავლესობას, ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე მოსმენების დაწყებამდე, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების ბირთვს.
მისივე განცხადებით, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარე, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.