საკონსტიტუციომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხაში დატოვა.
დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ითხოვდა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
სასამართლომ უარი თქვა ოპოზიციის ალტერნატიული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც. კერძოდ, მოპასუხე მხარე ითხოვდა, რომ თუ კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხაში დარჩებოდა, მასში მითითებული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ცალკე წარედგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეხება. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.