გერმანიის საგარეო უწყება: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს

21.10.26 19:56
გერმანიის საგარეო უწყება: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აზიანებს.

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის, კატრინ დეშაუერის განცხადებით, ბერლინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება და საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესს ევროკავშირისგან საქართველოს დაშორების კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.

მისივე თქმით, გერმანიის ფედერალური მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას ქართულ მხარეს ოფიციალურად გააცნობს. დეშაუერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრაზეც განიხილეს.

“ჩვენ უკვე საკმაო ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში.

კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება.

ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებასა და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ უახლესი ნაბიჯის გამო, რომელიც ევროკავშირისგან შემდგომი დაშორებაა და არღვევს ევროკავშირის [წევრობის] პერსპექტივას.

დავამატებდი, რომ საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი საკითხი ბოლო საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, რადგან იქ პოლიტიკური ვითარება განგრძობითად რთულია და ჩვენ ეს კონტექსტიც განვიხილეთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამაზე კვლავ ვიმსჯელებთ”, - აღნიშნა დეშაუერმა.

მსგავსი სიახლეები