ALDE: „ქართული ოცნება“ რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით დაწყებულ სასამართლო პროცესს ეხმაურება და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
ალიანსის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა ასობით ათას ამომრჩეველს პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საქართველოში ავტორიტარული რეპრესიების გაღრმავების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
ALDE ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აკრძალვის საფრთხე მის წევრ პარტიებსაც ეხება. ალიანსი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
“მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც.
მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს.
ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის”, - ნათქვამია განცხადებაში.