გვარამია: „ოცნება“ ამ სარჩელით, ამტკიცებს, რომ საქართველომ რუსეთს პროვოცირება გაუკეთა - ეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭებაა

21.10.26 20:33
გვარამია: „ოცნება“ ამ სარჩელით, ამტკიცებს, რომ საქართველომ რუსეთს პროვოცირება გაუკეთა - ეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭებაა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. მისი თქმით, სარჩელში განვითარებული მსჯელობა, თითქოს საქართველომ რუსეთს ომის დაწყების პროვოცირება გაუკეთა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

გვარამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას სიცრუეზე დაფუძნებულ დოკუმენტს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მასში მოცემული მტკიცებების გაზიარება შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

დასკვნა უკიდურესად სუსტია როგორც დოკუმენტი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ტყუილების ნაკრებია და არასწორი ფაქტების, ასევე კიედვ უფრო არასწორი დასკვნების. თუ ეს სასამართლომ "ასწია" დადასტურებულ დოკუმენტამდე, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაშ, ყველაზე უფრო მძიმე რაც იქნება, აღარ არსებობს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გაიზიაროს სასამართლომ ის მტკიცება, თითქოს ომი დაიწყო საქართველომ კი არა, უფრო შორს წავიდა "ქართული ოცნება" ამ სარჩელის თანახმად, საქართველომ პროვოცირება გაუკეთა რუსეთს, რომ მას ესროლა. ეს იცით რას ნიშნავს? რომ პროვოცირებული ომი საერთაშორისო სამართლით შესაძლოა, შეფასდეს როგორც სამართლიანი ომი. და, საქართველოს ხელისუფლება ამ უპირატესობის მიცემას აპირებს რუსეთისთვის, მაშინ, როცა ჩვენ ყველაფერი მოგებული გვაქვს უკვე, არაფერი აღარ გვაქვს დასამტკიცებელი, - ამბობს ნიკა გვარამია. 

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილეს. სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეხება. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. 

 

მსგავსი სიახლეები