პარტიების აკრძალვის საქმე - "ოცნება" საკონსტიტიციო განხილვის პურველი დღით კმაყოფილია
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი თანდათან სამართლებრივ ხასიათს იძენს და ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
“შუამდგომლობების განხილვის ეტაპი არ დასრულებულა, ეს სასამართლოს თავმჯდომარემაც ნათლად განმარტა, ასე რომ ხვალ გავაგრძელებთ ისევ შუამდგომლობების მოსმენას და სასამართლო ყველა შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
გულწრფელად გეტყვით, ვინაიდან, ეს განხილვა უფრო სამართლებრივისკენ იწყებს ნელ-ნელა გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადვე გაგრძელდეს, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი [ოპოზიცია] ითხოვდნენ დასკვნის გადახედვას, დადგენილებასთან დაკავშირებით ნამსჯელი იყო და ამიტომ ხელმეორედ განხილვის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, მოისმინეთ თქვენ სასამართლოს განმარტებები, თუ რატომ არ გაიზიარა ყოველი კონკრეტული შუამდგომლობა. მე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ დავიწყებ შეგნებულად იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მისი შეხედულება გავიზიარო. ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ, მაგრამ მათი [მოსამართლეების] განმარტებები მხოლოდ ჩვენს მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა.
ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის, ახლა”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილეს. სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეხება. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.