მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმეზე: ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, გაგებით მოეკიდეთ

21.10.26 22:12
მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმეზე: ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, გაგებით მოეკიდეთ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას ბევრი პროცედურული საკითხი წინასწარ განსაზღვრული არ არის. სასამართლო სხდომაზე როინიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად განიხილება და მოპასუხე მხარეებს მოუწოდა, პროცედურულ გაურკვევლობებს გაგებით მოეკიდონ.

მოსამართლე ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წარმომადგენლის შეკითხვას, რომელიც სარჩელის განხილვის ეტაპებსა და მოპასუხე პარტიების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დაზუსტებას ეხებოდა. როინიშვილის თქმით, სასამართლო განხილვას მანამდე არ დაასრულებს, სანამ თითოეული პარტიისთვის ნათელი არ გახდება, კონკრეტულად რას ედავება მას მოსარჩელე მხარე.

სარჩელი ჩვენთან კონსტიტუციურ წარმოებაში... საერთო სასამართლოებში საერთოდ სხვანაირად არის, იქ პროცედურაც გაწერილია და ყველაფერი ნათელია. ამ კატეგორიის საქმეები, რომელსაც ახლა ვიხილავთ, ჯერ ეს ერთი, არის პირველი, ეს, ბუნებრივია, განსხვავდება იმ კლასიკური დავებისგან, რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ ბევრ საკითხზე პროცედურა გაწერილი არ არის, ანუ ამას თქვენც მოეკიდეთ, ასე ვთქვათ, გაგებით, რა...

ჩვენ გვაქვს რა პროცედურები - ახსნა-განმარტების ეტაპი, სადაც მოსარჩელე აყალიბებს თავის პოზიციას... თუ ესეც არ იქნება საკმარისი, შემდეგ თქვენც გექნებათ შეკითხვის დასმის უფლება და სასამართლოც ვალდებულია, გარკვეული დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვას მოსარჩელე მხარეს და საერთო ჯამში, წესით, ამ ეტაპების შემდეგ თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი დრაფტი, თქვენ მიმართ რა პრეტენზიები გააჩნია მოსარჩელეს, სანამ ამას არ დავადგენთ, ეს ეტაპი მანამდე არ დასრულდება, - თქვა სხდომაზე როინიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ „ლელოს“ წარმომადგენელმა სხდომაზე სარჩელის ბუნდოვანებაზე მიუთითა და განაცხადა, რომ დოკუმენტიდან არ ირკვევა, რომელმა პარტიამ რომელ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი. ამ საკითხზე განმარტების აუცილებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემაც გაუსვა ხაზი.

მსგავსი სიახლეები