ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ეს არის მიკერძოება, რატომ არ აძლევთ "ოცნების" წარმომადგენელს გაფრთხილებას
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა განახლდა - მოპასუხე მხარე პლენუმის თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას მოსარჩელე მხარის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, სასამართლო გაძევებით ემუქრება ყველას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა.
ბატონი გორდულაძე არ ჩერდება, ახლახან ბატონ ნიკა გვარამიას გაფრთხილება მიეცით, მანამდე ქალბატონი ხატია დეკანოიძე გაუშვით სხდომის დარბაზიდან გაფრთხილებით. რატომ არ აძლევთ გორდელაძეს გაფრთხილებას? რომ გაუშვებთ სხდომიდან. იმიტომ რომ აღარ ჩერდება. ეს არის მიკერძოებულობა"- თქვა კოპალეიშვილმა.
ბატონო გორდულაძე, ეს არ არის პარლამენტი - დასძინა ყოფილმა მოსამართლემ.
ამის შემდეგ რევაზ ნადარაიამ განცხადების ავტორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ნუ ითხოვთ ბატონი არჩილის გაძევებას იმის გამო, რასაც პერიოდულად, ხანდახან, ყველა აკეთებთ".
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.