ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ იციან, ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარეები
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სხდომა განახლდა - ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ იციან, ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარეები.
განცხადება ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ გააკეთა.
„ ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამ ნაწილში ვართ თუ არა მოპასუხე - ეს არ წერია სარჩელში, არ წერია საოქმო ჩანაწერში“ - თქვა მან.
- ამ განცხადებამდე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განმარტება მოითხოვა, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
"გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამაც თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი.
„ჩვენც დაახლოებით ანალოგიიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით ფაქტობრივად მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი.
საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის როლი, გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.
ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზევე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა:
„მტკიცებულებად დავურთეთ ის, რაც წარმოვადგინეთ - ეს არის ჩვენი ტვირთი და ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. თქვენ შეგიძლიათ საპირისპირო რამ თქვათ - ახლა სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომელი მტკიცებულება არის გასაზიარებელი და რომელი არ შეიძლება იყოს“- თქვა მან.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.