საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს
"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
"პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან. ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია"- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
ლელოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო საასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა ამ სარჩელზე წარმოედგინა საკონსულტაციო დასკვნა პარტიების აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
- "ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ"- ეწერა ლელოს შუამდგომლობაში.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.