"მან ჩააბეტონა სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი" - ირაკლი კუპრაძე სერგო მეთოფიშვილს წარსულს ახსენებს
"ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე საკონსტიტუციოს მოსამართლეებს წარსულს ახსენებს - პოლიტიკოსის თქმით, სერგო მეთოფიშვილი, რომელიც დღეს ირწმუნებოდა, რომ პირადად მისთვის გასაგებია, "რომელ პარტიას რას ედავებიან", ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და სწორედ მან "ჩააბეტონა სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი".
როგორც კუპრაძე ინგა გრიგოლიას "რექაციაში" ამბობს, სტუდენტობის დროს მეთოფიშვილის წინააღმდეგ აქციებზეც კი დადიოდა.
ოპოზიციონერი ასევე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ წევრზე, ვასილ როინიშვილზე და მას როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ახსენებს, სადაც როინიშვილი საქმის გამომძებელი იყო.
მათ უნდათ აკრძალონ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. ერთადერთი მეთოფიშვილი ამბობს, რომ თურმე ყველაფერი გაგონილი აქვს მას. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ სერგო მეთოფიშვილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელმაც ჩააბეტონა სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი. უამრავი აქცია სტუდენტობის პერიოდიდან მაქვს გამართული, როცა ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აბეტონებდა სასამართლო კლანს, იმ კლანს, რომელიც ვასილ როინიშვილის სახით არის... ვასილ როინიშვილი რომ ზის ახლა სასამართლოში, ის სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამომძებელი იყო, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და თქვა, რომ საერთოდ გამოძიება არ ჩატარებულა. დღეს ეს ვასილ როინიშვილი, რომელზეც იდგა მაშინ გაყალბება სისხლის სამართლის საქმის წარმოებსის, დღეს კრძალავს "ნაციონალურ მოძრაობას". მურუსიძის კლანი კრძალავს დრეს "ნაციონალურ მოძრაობას". ამას რომ თავი დავანებოთ, "ლელოს", რომელიც 2019 წელს შეიქმნა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან. ზუსტად 8-ჯერ არის "ლელო" და "ძლიერი საქართველო" სარჩელში, აქედან 5-ჯერ არის ნახსენები სათაურში, სქოლიოში და უბრალოდ ჩამონათვალში. სამჯერ არის ნახსენები რაღაც სისულელეზე". - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.