გერმანიის საგარეოს წარმომადგენელი: შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ნიკლას ვაგნერი შეშფოთებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო
გერმანიის საგარეოს წარმომადგენელი x-ზე წერს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით მიმდინარე სასამართლო პროცესებით. პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია დემოკრატიისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – წერს ის.
სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.