"მიქაუტაძემ ცრუ ჩვენება საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა, ეს შერჩევითი სამართალია“ - ლილუაშვილის ადვოკატი

23.10.26 18:13
"მიქაუტაძემ ცრუ ჩვენება საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა, ეს შერჩევითი სამართალია“ - ლილუაშვილის ადვოკატი

 

 

სუსის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი განცხადებით, მიქაუტაძემ ლილუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ შეღავათიანი სასჯელი მიიღო.

უფლებადამცველი პროკურატურისგან განმარტებას ითხოვს, რატომ არ იწყება მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ფაქტზე, რომლის შესახებაც მან სასამართლოში თავად განაცხადა.  

რომეო მიქაუტაძე ბენეფიტად მიიღებს საპროცესო შეთანხმებას იმ ტყუილისთვის, რაც მან გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა სასამართლო სხდომის დარბაზში. და, მე აქვე მეორე კითხვაც მაქვს პროკურატურასთან, ერთია, უკვე მსჯავრდადებულ საქმეზე საპროცესო გაუფორმდა, მაგრამ მეორეა, თავად ის ქრთამის მიცემას ბატონ გრიგოლ ლილუაშვილზე რომ ასახელებს, ამ ნაწილში როდის უნდა წარედგინოს რომეო მიქაუტაძეს ახალი ბრალი? თავის დანაშაულებრივ ქმედებასაც გამოკვეთს, ხომ რომ ქრთამი გადასცა კონკრეტულ პიროვნებას? სადაც აქამდე მის მიმართ ბრალი წარდგა კი არა, პირიქით, ჯილდოს სახით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა პირობით მსჯავრზე და რაღაც ნაწილრ ეალურ სასჯელზე, არ ვიცი, აქ რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს, თუმცა სამართლებრივად მოთხოვნა აუცილებლად მექნება, რომ ამ ადამიანს წარედგინოს ბრალი იმისთვის, თუკი ის რასაც ამბობს, სიმართლეა. მე პირადად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავ, რომ პროკურატურას მისთვის მხოლოდ დადებითი ნოტა აქვს შეთავაზებული და უარყოფითი კონტექსტით მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის ნაწილში ხედავს მის ჩვენებას. აი, ესაა ძალიან დიდი პრობლემა და შერჩევითი სამართალი. ესე გამოდის, რომ მან საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა ცრუ ჩვენება. რომეო მიქაუტაძის ნათქვამი თავად პროკურატურასაც არ სჯერა, რომ სჯეროდეს, დამიჯერეთ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ნაწილში, უკვე დაწყებული იქნებოდა.

გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით, იგივე პოზიციაზეა - არჩადენილ დანაშაულს ეს ადამიანი არ აღიარებს. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არცერთი მხარის მიერ არანაირი პოზიციები დღემდე გაჟღერებული არ ყოფილა, - ამბობს ლანა ცერცვაძე. 

ფულის გათეთრებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა.

3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ასეთია პროკურატურის პირობები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.

მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიქაუტაძემ "აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია და აანაზღაურა ზიანი".

ექს-მაღალჩინოსანს ასევე დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩამოერთვა ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

 

მსგავსი სიახლეები