"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
„ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საბოტაჟისა და ქვეყნის ღალატის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ჩუბინიძე წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სასამართლო სხდომაზე მან საკუთარ თავს „ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“ უწოდა და აღნიშნა, რომ არც მიმალვას აპირებს და არც მტკიცებულებების განადგურებას.
„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.
არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.
სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წარდგენილი ბრალდებით, დიტო ჩუბინიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.