ირაკლი კუპრაძე: მიუხედავად იმისა, რა განაჩენს გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, „ძლიერი საქართველო-ლელო“ ბრძოლას არ აჩერებს
"მიუხედავად იმისა, რა განაჩენს გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, „ძლიერი საქართველო-ლელო“ ბრძოლას არ აჩერებს" - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძემ შეაჯამა სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები, აღნიშნა, რომ პლენუმმა ოპოზიციური პარტიების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ხაზგამისთ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ უკვე მიღებულია.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ისეთ მექანიზმები, რომლებიც საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ დატოვებს წარმომადგენლობისა და პოლიტიკური არჩევანის გარეშე" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად გაუმართლებელი არგუმენტები, თუმცა რა გასაკვრია, როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ძალიან ბევრ კითხვას პასუხობს და ნიშნავს ერთ რამეს: გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
სამი დღეა ვსვამთ მარტივ კითხვას: რა კონკრეტული ბრალდება ეხება „ძლიერ საქართველო-ლელოს“- პასუხი ვერ მივიღეთ!
1. ეს არის დროში აცდენილი აბსურდი - ჩვენ გვაიძულებენ ვიმსჯელოთ 2007-2009 წლების მოვლენებზე, მაშინ როცა პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. ამ აბსურდის მასშტაბურობა თავად პლენუმის ერთ-ერთმა მოსამართლემაც კი დაადასტურა.
2. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი არცერთი შუამდგომლობა. უარი თქვა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვაზე, უარი თქვა ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვაზე და უარი თქვა ჩვენი შარშანდელი სარჩელის განხილვაზე, რომელიც ამ პროცესის კონსტიტუციურობას ეხება. ეს სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოს მხრიდან ხელისუფლების იზოლაციონისტური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება.
3. ჯერ კიდევ განხილვის დაწყებამდე, ორი მოსამართლის ჩანაცვლებამ და პროცესის ფორსირებამ, საბოლოოდ გამოაჩინა „არაქართული ოცნების“ დაკვეთა და ინტერესი, ჩამოართვან არჩევანის უფლება საქართველოს მილიონ მოქალაქეს.
ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ ეწირება ჩვენი სახელმწიფო ერთი ადამიანის ავტოკრატიულ მისწრაფებას რომ ქვეყანაში არ დარჩეს არც თავისუფალი ადამიანი, არც თავისუფალი სიტყვა, არც სამოქალაქო საზოგადოება და არც პროდასავლური ოპოზიცია.
მინდა მკაფიოდ განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რა განაჩენს გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, „ძლიერი საქართველო-ლელო“ ბრძოლას არ აჩერებს!
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ისეთ მექანიზმები, რომლებიც საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ დატოვებს წარმომადგენლობისა და პოლიტიკური არჩევანის გარეშე.
დღესვე ჩვენ ვუერთდებით შაბათის მარშს ერთპარტიული მმართველობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ!
ბრძოლა გრძელდება საქართველოსა და თითოეული მოქალაქის თავისუფლებისთვის!", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.