პაპუაშვილის თქმით, პარტიები, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ "წამლავენ პოლიტიკურ პროცესს"
"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარტიები, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ "წამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში".
მისივე მტკიცებით, "ანტიკონსტიტუციური პარტიები არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, უკანონო მეთოდებით მუშაობენ":
ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში, პარტიულ პროცესს, აი, ეს ტოქსიკური მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავის ამომრჩეველს, საქართველოს საზოგადოებას. ჩვენ, რასაც ვხედავთ არის ის, რომ ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგ ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს, რომელიმე კომპანია, ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ და არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები, გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას. 14 წელია ჩვენ ამ „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, შესაბამისად, 14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური თუ ისინი არიან არაკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ანტიკონსტიტუციური და შესაბამისად, სასამართლო დაადგენს ამას. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.