პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ - პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ

26.10.26 14:55
პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ - პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შორის პარალელების გავლების მცდელობას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართულ ოპოზიციას სერბეთისა და უნგრეთის ოპოზიციურ მოძრაობებთან საერთო არაფერი აქვს და საქართველოში წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნია.

პაპუაშვილის მტკიცებით, სერბეთის ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ძალები ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებს არ ითვალისწინებენ. მან ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის „პრორუსულად“ ან „პროპუტინისტურად“ მოხსენიება ბრიუსელის მიერ დამკვიდრებული ყალბი ნარატივია.

“რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რატომ ზეიმობდნენ ნეპალთან დაკავშირებულ მოვლენებს? რატომ ზეიმობდნენ უნგრეთს ან რატომ ზეიმობენ ახლა? - არც ნეპალელები არიან, არც უნგრელები და არც სერბები! ქართველებიც არ არიან - ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი, რასაც ჩვენ ვუყურებთ! მათთვის ეროვნული ინტერესი იმდენად მეჩვიდმეტე ხარისხოვანია, რომ ამის ხელოვნურად გაკეთებაც არ შეუძლიათ.

სერბეთში ოპოზიციური ჯგუფი აქციებზე ხატებით გამოდიოდა. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მათი პლატფორმაა ის, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ხოლო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს არ მოხდება და კოსოვო არის სერბეთის ნაწილი. აქეთ ვხედავთ იმას, რომ ეს ფსევდო რელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას. ამბობს, რომ ბრიუსელს ცალფეხზე უნდა დავუდგეთ და უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რასაც გვეტყვიან. ეს ფსევდო რელიგიური სექტა ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ასე რომ, ამ ფსევდო რელიგიურ სექტას არა თუ საქართველოში გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, ესენი სერბეთში რომ ყოფილიყვნენ იქაც დამარცხდებოდნენ, რადგან ეროვნული ინტერესების გააზრებული არა აქვთ, არ აქვთ ეროვნული იდენტობის და ეროვნული ღირებულებების გააზრება. ასე რომ, პარალელები მოძებნას ტყუილად ცდილობენ.

სერბეთი იქნება თუ უნგრეთი, ეს ყველაფერი ჩვენთან სცადეს - სცადეს ჟურნალისტების რევოლუცია, - ჩაეშალათ, არ გამოუვიდათ! სცადეს „ენჯეოების“ რევოლუცია - არ გამოუვიდათ! სცადეს პარტიების რევოლუცია - არ გამოუვიდათ! ბოლოს ლამის უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების და ელჩების რევოლუცია სცადეს და 2024 წელს ესეც არ გამოუვიდათ. ასე რომ, ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. საქმე მეთოდებში კი არ არის, არის შინაარსში - რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან დაცლილია. მათთვის ეს იმდენად უცხოა, რომ ხელოვნურად არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ. ხელოვნურად არ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნებ - აპელირებენ სომხეთის მაგალითებით და აფხაზეთსა და ცხინვალს ტრავმას უწოდებენ, რომელიც უნდა მოვიცილოთ. არ არსებობს არც ერთი შესაძლო „ოპცია“ და ვარიანტი, როცა ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ საქართველოში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიოს!

უნგრეთის მაგალითზე მაინც უნდა მიმხვდარიყო ფსევდო რელიგიური სექტა, რომ საკითხი პრორუსულობას, პროევროპულობას ან პროამერიკულობას არ ეხება. მადიარიც არა ანტირუსული ან პროევროპული განწყობისაა, არამედ არის პროუნგრული განწყობის, რაც არის მთავარი და მოქმედებს ისე, რაც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.