რუსული ემბარგოს მეორე ტალღა - ცნობილი ხდება ქართული კომპანიები, რომლებსაც სანქციები ემუქრება
რუსული ემბარგოს მეორე ტალღა - სანქციების საფრთხის წინაშე შესაძლოა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები „შატო მუხრანი“ და „ვინ ივერია“ აღმოჩნდნენ.
ამის შესახებ პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს. მისი მტკიცებით, "კომპანიებთან დაკავშირებული პირები უკრაინის ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში მონაწილეობდნენ".
ფიფიას თქმით, შეზღუდვების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.
სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა შატო მუხრანი და ვინ ივერია, OUR MARUSIA EVRIKS GEORGIA, არის აქციონერი პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები არიან ადრე დირექტორები ფონდის, ფონდს ჰქვია "უკრაინის რეკონსტრუქცია". ასევე არიან შემჩნეულები დაფინანსებაში უკრაინის ხელისუფლების. ვინ ივერია - ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარარებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა", - ამბობს მამუკა ფიფია.
შეგახსენებთ, რუსული ემბარგოს პირველი ტალღის შესახებ ინფორმაცია 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის პირველ წერილის მიხედვით აკრძალვა შეეხო შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
მამუკა ფიფია მანამდეც აცხადებდა, რომ რუსეთი ქართული კომპანიებისთვის დაწესებული იმპორტის შეზღუდვების გაფართოებას გეგმავდა.