მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას მომავალ კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულებთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება.
პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ციხეს დატოვებს ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
საპროცესო შეთანხმების პირობაა ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი - პირობითი.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაკავებულს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება და მსგავსი მოთხოვნა არც ყოფილა:
ბუნებრივია ყველა სამართლებრივი პირობა არსებობს იმისთვის, რომ სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილოს. როგორც იცით, პირობები საპროცესო შეთანხმების შემდეგია: 1 წლითა და 1 თვით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ლაშა ბერიძეს, საიდანაც აღნიშნული ვადა თითქმის გასულია. 1 კვირაში ლაშა ბერიძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ასევე მას განესაზღვრება პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით.
მე ვფიქრობ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ბერიძის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სწორი სამართლებრივი ნაბიჯი ამ მოცემულობაში. 7 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მას მისჯილი. გარდა ამისა, ბუნებრივია, წინასწარ არავინ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. მე ვიცი, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სწორად და სამართლებრივად, მაგრამ მიიღებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია, ბუნებრივია, ეს არავინ არ იცის წინასწარ.
ლაშა ბერიძის მხრიდან არ ყოფილა არანაირი სახის ჩვენების მიცემა არავის წინააღმდეგ, არც მოთხოვნა არ ყოფილა და ბუნებრივია, არც ჩვენება არ აქვს მიცემული არავის წინააღმდეგ.