ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან თქვა, „ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები“.
„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“,- აღნიშნა თურნავამ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა. საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა